Geo
  Eng
მთავარი რუკა კონტაქტი
სექტემბერი 5, 2010
ძებნა:
»  ვენჩერული ფონდი   »  აქტუალური კითხვა–პასუხები  
გააგზავნე ეს გვერდი ელ–ფოსტაზე
 ხშირად დასმული კითხვები

1. რა სფეროში ხდება ინვესტირება?
მხოლოდ საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში.

2. რაში ხდება ინვესტირება – უკვე მიმდინარე პროექტებში / ბიზნესებში, თუ დაგეგმილ / მომზადებულ პროექტებში, რომელთა რეალიზაციაც ჯერ არ დაწყებულა?
ინვესტირება შესაძლებელია მოხდეს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ფორმაში.

3. რა ფორმით ხდება ინვესტირება?
თითოეულ პროექტზე იქმნება ვენჩერული კომპანია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების (შპს) ფორმით. ინვესტირება ხდება ხსენებული შპს–ს კაპიტალში პირდაპირი მონაწილეობის გზით.

4. რამდენია ინვესტიციის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობა?
ინვესტიციის მინიმალური მოცულობა არის 30 000 აშშ დოლარი ერთ პროექტში. მაქსიმალური მოცულობა – 100 000 აშშ დოლარი ერთ პროექტში.

5. ვინ შეიძლება მოითხოვოს ინვესტიცია – კერძო პირმა, კომერციულმა ორგანიზაციამ, არასამთავრობო ორგანიზაციამ, საგანმანათლებლო, თუ სახელმწიფო დაწესებულებამ?
ინვესტიცია შეუძლიათ მოითხოვონ მხოლოდ კერძო პირებმა და კომერციულმა ორგანიზაციებმა.

6. რა უპირატესობა აქვს იუ–ჯი–თის ვენჩერულ ფონდთან თანამშრომლობას?
პროექტის დაფინანსების გარდა, იუ–ჯი–თის ვენჩერული ფონდი დაგეხმარებათ საინფორმაციო ტექნოლოგიების და ბიზნესის ექსპერტების კონსულტაციებით პროექტის დამუშავებასა და დანერგვაში, პროექტის ფინანსურ მართვაში, გაყიდვებში, ბიზნეს–კავშირების დამყარებაში, იურიდიულ და საგადასახადო საკითხების მოგვარებაში.

7. ხდება თუ არა კომპანიის კონტროლი, ან/და მის საქმიანობაში / მართვაში მონაწილეობა, რომელშიც მოხდა ინვესტირება?
ფონდის მიზანი არის პროექტის საფუძველზე შექმნილი ვენჩერული კომპანიის დამოუკიდებელი განვითარება და ჩაურევლობა მის საქმიანობაში. თუმცა, მოხდება პროექტის სრული მონიტორინგი და შედეგებზე დაკვირვება. თუ პროექტი წარმატებით ვითარდება, მართვაში ჩარევა არ მოხდება.

8. როგორ ხდება გამოგზავნილი იდეის / პროექტის კონფიდენციალურობის დაცვა?
იდეა / პროექტი ეკუთვნის მის ავტორს, თუ არ მოხდება ფონდთან წერილობითი შეთანხმება სხვა პირობებზე. ფონდი, ისევე როგორც თქვენ, დაინტერესებულია რომ პროექტის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელდეს, რათა არ დაიკარგოს მისი უნიკალურობა. პროექტის უნიკალურობა დაფინანსების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია და მისი დაკარგვის შემთხვევაში ფონდი ვერ განახორციელებს წარმატებულ ინვესტირებას. ამიტომ, პროექტის ინფორმაციის კონფიდენციალობა მკაცრად იქნება დაცული. ვენჩერული ინვესტირების უცხოური გამოცდილება არ ითვალისწინებს კონფიდენციალობის დაცვის შესახებ შეთანხმების წერილობით გაფორმებას. ეს შესაძლებელია მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში. მიუხედავად ამისა, ასეთი შეთანხმების გაფორმებამდე, ფონდმა უნდა მიიღოს თუნდაც ზოგადი ინფორმაცია პროექტის შესახებ, მაგრამ საკმარისი პროექტის არსის და მისი პოტენციალის გარკვევისთვის, რათა მოხდეს დაინტერესება ინვესტირებაზე.
 
9. როგორ ნაწილდება საავტორო უფლებები?
საავტორო უფლება რეგისტრირდება იმ კომპანიის სახელზე, რომელიც შეიქმნება პროექტის საფუძველზე.

10. რა კრიტერიუმების მიხედვით ფასდება იდეა / პროექტი, რომელშიც ხდება ინვესტიციების ჩადება?
საერთო კრიტერიუმი არის ორი:
  1. იდეის / პროექტის უნიკალურობა და პერსპექტიულობა
  2. იდეის / პროექტის კომერციული მომგებიანობა

11. ხდება თუ არა დახმარება იდეის საფუძველზე პროექტის დეტალურ მომზადებაში?
დიახ. ფონდის სპეციალისტები დაგეხმარებიან იდეიდან პროექტის ჩამოყალიბებაში.

12. რა ხდება თუ ინვესტიცია არ ამართლებს და პროექტი წამგებიანი აღმოჩნდა, ან მოგება არ მოაქვს?
ვენჩერული ინვესტიციები დიდი რისკის შემცველია ინვესტორისთვის. დაფინანსებამდე, ყველა ტიპის ხარჯი დეტალურად ანალიზდება და იგეგმება. თუ პროექტი არ ამართლებს მოლოდინს, ხდება გეგმიდან გადახრების მიზეზების ანალიზი – შესაძლოა პროდუქტი / სერვისი არასწორად იყო შერჩეული, შესაძლოა მენეჯმენტი საქმეს თავს ვერ ართმევს, შესაძლოა არასწორია მარკეტინგი და ა. შ. შესაბამისად, თუ შესაძლებელი იქნება გატარდება სიტუაციის გამოსწორების ღონისძიებები. თუ სიტუაცია მაინც არ შეიცვლება, პროექტი დაიხურება ინვესტიციების დაბრუნების გარეშე.

13. რა ინფორმაცია უნდა იქნას გამოგზავნილი და როგორია გამოგზავნილი იდეის / პროექტის განხილვის პროცესი?
გამოგზავნილი იდეის / პროექტის განხილვის ეტაპები და მოსაწოდებელი ინფორმაცია შემდეგია:
1. გამოგზავნილ იდეას / პროექტს პირველად იხილავს საორგანიზაციო ჯგუფი. პირველადი განხილვისთვის აუცილებელია მინიმუმ შემდეგი ინფორმაცია:
      a. პროექტის / იდეის აღწერა – მთავარი არსი და უნიკალურობა
      b. პროექტის დეტალური დამუშავების მიმდინარე სტადია / მდგომარეობა
      c. იდეის / პროექტის ავტორის CV
      d. მოთხოვნილი ინვესტიციის მოცულობა
      e. საქმიანობის ის ნაწილი, რაშიც დაიხარჯება ინვესტიცია
თუ იდეა / პროექტი უფრო დეტალურად არის დამუშავებული, პირველადი განხილვისთვის, ზემოთ ჩამოთვლილ აუცილებელ ინფორმაციასთან ერთად შესაძლებელია სრული ბიზნეს–გეგმის გამოგზავნაც.
2. შერჩეულ იდეებზე / პროექტზე მოითხოვება დამატებითი ინფორმაცია და ბიზნეს–გეგმის პრეზენტაციის მომზადება. ბიზნეს–გეგმა უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
       1. პროექტის / იდეის აღწერა – მთავარი არსი და უნიკალურობა
       2. მოთხოვნილი ინვესტიციის მოცულობა
       3. საქმიანობის ის ნაწილი, რაშიც დაიხარჯება ინვესტიცია
       4. ბაზრის მიმოხილვა (კლიენტები, მათი მოთხოვნილებები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია კლიენტების შესახებ) 
       5. კონკურენტების / სუბსტიტუტების მიმოხილვა 
               a. არსებული კონკურენტები / სუბსტიტუტები, 
               b. კონკურენტების პროდუქტები / სერვისები, 
               c. კონკურენტების და მათი პროდუქტების / სერვისების / სუბსტიტუტების ძლიერი და  სუსტი  მხარეები, 
               d. კონკურენტების ბაზრის წილები.
        6. ფინანსური გეგმა / ბიუჯეტი (მოწოდებული სტანდარტული ფორმით)
        7. სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია

3. პრეზენტაცია ხდება ექსპერტთა ჯგუფის წინაშე.
4. შერჩეულ პროექტებზე მოხდება მათი უფრო დეტალური ანალიზი და ბიზნეს–გეგმების კიდევ უფრო დეტალური მომზადება.
5. დეტალური ბიზნეს–გეგმის ანალიზი საორგანიზაციო ჯგუფის მიერ წარედგინება საინვესტიციო კომიტეტის წევრებს.
6. საინვესტიციო კომიტეტის წევრების მიერ ბიზნეს–გეგმის გაცნობის შემდეგ ხდება პრეზენტაცია საინვესტიციო კომიტეტის წინაშე და განხილვა.
7. განხილვიდან მაქსიმუმ 15 სამუშაო დღის განმავლობაში, საინვესტიციო კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას ინვესტირებაზე.

14. ინვესტიციაზე უარის თქმის შემთხვევაში, ხდება თუ არა უარის მიზეზების განმარტება?
განხილვის პროცესის პირველ ეტაპზე ფონდი უფლებას იტოვებს არ განმარტოს დაფინანსებაზე უარის თქმის მიზეზები. მეორე და შემდეგ ეტაპებზე განხილვის დროს უარის თქმის მიზეზი განმარტებული იქნება.


• ფონდის შესახებ