იუ–ჯი–თი თიბისი ბანკში გამოთვლითი სისტემების დანერგვის პროექტს ახორციელებს.
აღნიშნული რანგის გამოთვლითი სისტემების დანერგვა საქართველოში პირველად ხდება. პროექტის ფარგლებში საბანკო საფინანსო უწყებას იუ–ჯი–თის სპეციალისტებმა მიაწოდეს HP-ს SuperDome ეგრეთ წოდებული High-End სერვერები. საქართველოში ასეთი სიმძლავრის სერვერული სისტემები ამ დრომდე არსად არ დანერგილა.
თიბისი ბანკი აღნიშნულ სერვერებს გამოიყენებს მისი მთავარი საბანკო სისტემისათვის, რადგან ბანკის, მისი კლიენტებისა და ტრანზაქციების საგრძნობი ზრდის გამო აქამდე არსებულ სერვერებს არ ჰქონდათ შესაბამისი წარმადობა.
SuperDome-ები გამოირჩევიან დიდი წარმადობით, მაღალი საიმედოობით და გაფართოების შესაძლებლობით. სამივე ზემოთაღნიშნული ფაქტორი მნიშვნელოვანია ბანკისთვის, რომ უზრუნველყოს კლიენტებისათვის დროული და უწყვეტი მომსახურება. ამასთან ერთად გაფართოების შესაძლებლობა, საშუალებას იძლევა შემდგომში, მთლიანი სისტემის შეცვლის ნაცვლად, მოხდეს კონკრეტული მოდულების დამატება და ამით კიდევ უფრო გაიზარდოს მთლიანი სისტემის წარმადობა. სისტემის შემდგომი გაფართოება გაცილებით მოსახერხებელი და მომგებიანია ბანკისათვის, ვიდრე ახლის დანერგვა რადგან, ეს უკანასკნელი დაკავშირებულია გაცილებით მეტ თანხებთან, დროსთან და ითხოვს მეტ სამუშაოს, რის გამოც შესაძლებელია საბანკო სისტემების მუშაობის დაგეგმილი შეჩერებები.
ყოველივე ამასთან ერთად, კომპანია იუ–ჯი–თი კომპანია HP-სთან ერთად თიბისი ბანკისთვის უზრუნველყოფს სერვერული სისტემების მხარდაჭერის სერვისების მოწოდებას, რაც ცხადია კიდევ უფრო მეტ სიმტკიცეს და მდგრადობას შემატებს ბანკის სერვისების უწყვეტობას, რადგან მისი მუშაობის უწყვეტობაზე იზრუნებს კვალიფიციური პერსონალი.
იუ–ჯი–თის პრესცენტრი